ლოკოკინა

აპრილი 13, 2010

უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რომ უკვე საკმაოდ “დიდი გოგო” ვარ და ამის გააზრებასთან ერთად უფრო და უფრო მიმყარდება აზრი, რომ ამასთან შეგუება მიჭირს..

წვიმაში რამდენჯერ მინახავს გზაზე ლოკოკინები საკუთარ პატარა კვალს რომ ტოვებენ.  შემეძლო  გაშტერებულს მეყურებინა მათი მარშრუტისთვის, თან ვფიქრობდი რატომ ერქვათ ასეთი უცნაური და გრძელი სახელი ამ პატარა არსებებს და ვერც ის წარმომედგინა რა შეიძლება ყოფილიყო მათთვის ამაზე უფრო შესაფერისი .

დღესაც შევხვდი ასე თავისთვის მიმავალს ..  მეც გავყევი ჩემს გზას მხოლოდ მათგან განსხვავებით  ჩემი კვალის გარეშე. იმავე გზაზე სწრაფადვე მობრუნებულს კი დამხვდა მხოლოდ გროვა, ნარჩენი ამ პატარა უწყინარი არსებებისა. წინ დაახლოებით 12 წლის სკოლის მოსავლეები შეჯგუფებულიყვნენ და აღტაცებულები ფუსფუსებდნენ, გავუსწორდი და დავინახე მთელი გროვა, დიახ , გროვა ლოკოკინებისა!  რამდენიმე ბიჭი ზედიზედ ცდილობდა დაესწრო ერთმანეთისთვის და ლოკოკინებს ფეხით თელავდა. გავბრაზდი.. ძალიან მეტკინა..

წვიმაში პატარა ბავშვების ფეხების ტყაპუნის ყურება მიყვარს. ისინი არასდროს არ ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება გაცივდნენ, ფეხი დაუსველდეთ და მსგავსი.. მელოდიურად რომ ატყაპუნებენ პაწია ფეხებს და  ამით წახალისებულები კიდევ უფრო თამამად აგრძელებენ, უფროსი ამას ხომ არასდროს იზამს. აღარ უნდათ კიდევ დაიმატონ ტალახი და ჭუჭყი გარედან- სხვისი თვალისთვის ადვილად შესამჩნევი, ბავშვებს კი ეს არ ადარდებთ, არც გასვრას უფრთხიან შიგნიდან ყველაზე სუფთები..  საოცარი სანახავია მათი სახეები, ანათებენ გაბადრული თვალებით . ამაზე  უფრო გულწრფელი ემოცია მე არსად მინახავს, შორიდან მაყურებელსაც რომ გაგათბობს  და უნებურად გაგაღიმებს..სულ ციცქნა თითებით რომ ისწორებენ შუბლზე ჩამოშლილ თმას, გული ამოვარდნაზე როცა აქვთ, თავი ყოველთვის წინ , ოდნავ ზემოთ აწეული და ქვედა ტუჩი კბილებით მაგრად უჭირავთ…

ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა და თან ლოკოკინები მახსენდებოდა..

ჩემდა უნებურად მოულოდნელად ხელი მინისკენ წავიღე და საოცრად მომინდა რაღაც მომეხაზა დაორთქლილ ფანჯარაზე,ისევე როგორც ამას ადრე ვაკეთბდი, მაგრამ იმის გარდა ვერაფერი მოვახერხე, რომ თითებით ჩავბღაჭებოდი, ორთქლის სიმყუდროვე დავარღვიე  საკუთარი ანაბეჭდებით..

გაჩერებაზე ჩამოსულმა, პირველი რაც შევნიშნე იყო.. ლოკოკინა!!

რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებოდი და

მერეღა მივხვდი, რომ ვიღიმებოდი. .

გამახსენდა მინაზე ჩემი “შემოქმედება”  და მივხვდი, რომ მე იქ კვალი დავტოვე, ბავშვობის ანაბეჭდი. ყოვლად  უფორმო,დაახლოებით ისეთივე, როგორიც ამ პატარა არსებამ ჩემში, მაგრამ მაინც ..დავტოვე 🙂

მგზავრი

აპრილი 9, 2010

მთელი დღე ვფიქრობდი ბლოგზე და იმაზე თუ რა უნდა დამეწერა.        წარმოუდგენლად დიდი სიცარიელის მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე, რომ ხელი ჩამეკიდა  და აქ,  ბლოგზე მომეთავსებინა. რამდენი რამ ყოფილა რაზეც მითქვამს, რომ ბლოგის  ქონის შემთხვევაში  აუცილებლად დავწერდი, ახლა კი ყველა წინადადება ერთიანად  გაქრა..
იცით რა გრძნობაა? თითქოს ახლახანს ავძვერი საჰაერო ბუშტში და ჰაერში  აჭრილმა აღმოვაჩინე სადაც ვარ – სივრცეში გაბნეული. უცხო გარემოში ამოვყავი თავი,  თუმცა ჩემი ნებით და ხელის განძრევა არ იქნებოდა ურიგო, პირველი ნაბიჯი გადადგმულია.  მე მაქვს არჩევანი–ასე გამუდმებით ვუყურო მიწას, სადაც ყველაფერი ნელ–ნელა პატარავდება და მშორდება თუ თავს ძალა დავატანო, ვაიძულო მიმართულება შეიცვალოს და გამართულმა, როგორც ნორმალურ ადამიანს შეჰფერის,  გარშემო მიმოვიხედო მაინც ?  რა იცი რა ხდება?!
ამ აზრებით    გათამამებულმა ზემოთაც კი გავაპარე თვალი, მიწას მოშრებულს მირჩევნია დავფიქრდე სად ამოვყოფ თავს..    ჯერ სიმშვიდეა ..
მივიწევ და ნაცნობ სუნს ვგრძნობ, ძალიან ნაცნობს.. აი, ისეთს  ყველაზე მეტად რომ მიყვარს და ისიც გამოჩნდა, უფრო სწორედ მე შევნიშნე  . აი, საით მივილტვი.. ვინ თქვა რომ მზეს სუნი არ აქვს? აქვს, თანაც სითბოსა და სინათლის.. საოცრად შეზავებული.. ისეთი, სასიამოვნოდ რომ გაგაბრუებს და ფიქრს ოცნებას აწყებინებს..
არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი .. ჰოდა წინ, ყოვლად უმიზნო მიზნისკენ  მხოლოდ ყველაფერ მზიურთან  ერთად !! : )

***

აპრილი 7, 2010

.. დაწყება ყოველთვის მიჭირს.  არც შესავლები გამომდის, ჰოლდენ კოლფილდისა არ იყოს, არც მე მოვყვები ვინ ვარ.. უბრალოდ ვჭრი ლენტს ჩემს ბლოგზე..   ვნახოთ რა გამოვა =)